ახალი ამბები
“ეს გაზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და არა სიმდიდრეს” - მეუფე იოანე ტყის ეკლესიებისთვის გადაცემაზე
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე იოანემ ქუთაისიპოსტთან, ტყის კანონში შეტანილ იმ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ეკლესიას მის გარშემო არსებული 20 ჰექტარი ტყის დაკანონება შეუძლია.

მეუფე ამბობს, რომ ეკლესიებისთვის ტყის მასივების გადაცემით მათი ქონება არ გაიზრდება, არამედ მოიმატებს პასუხისმგებლობა და ტყე უფრო დაცული იქნება.

"დღესაც არის ხალხის მეხსიერებაში დარჩენილი, რომ ეკლესიის გარშემო ტერიტორია იწოდებოდა ხატის ტყედ და იყო ხელშეუხებელი, ამიტომ დღემდე შემორჩენილია, არ გაუჩეხიათ. ასე, რომ ეს ტყის მასივები თუ იქნება გადმოცემული, ეს გაზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და არა სიმდიდრეს. თუ უნდა იყიდოს, ესეიგი ფული უნდა გასცეს, კი არ გამდიდრდეს, არამედ, გაღარიბდეს. ამას აქვს ის მნიშვნელობა, რომ არ გაიჩეხოს ტყე, დაცული იყოს გარემო", - განაცხადა მეუფემ.

მღვდელმთავარი
, საპატრიარქოს შემოსავლებსა და ეკლესიების მიერ, ტყის დაკანონების შესახებ ოპოზიციის კრიტიკაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

"წლების წინ გადამთიელებზე გაიყიდებოდა ჩვენი მიწა-წყალი, იმაზე ოპოზიციას ხმა არ ამოუღია, ისინი როგორ იყენებდნენ ამ მიწა-წყალს, ამაზე ხმა არ ამოუღია და ეკლესია თუ დაიცავს, ეს უბედურებაა? თუ პირიქით, გადარჩენაა სიმდიდრის? რაც შეეხება იმას, რომ მდიდარია საპატრიარქო, თავისი ფულები დაითვალონ და გვითხრან რამდენი აქვთ. ამას მალავენ და ეს არის პრობლემა", - ამბობს მეუფე.



პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას აძლევს. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ გადასაცემი ტყის ფართობი შესაძლოა იყოს 20 ჰექტარი. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და არც თუ ისე ღარიბ საპატრიარქოს, კიდევ უფრო გამდიდრების საშუალებას აძლევს.

Print