ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის მშენებლობის ახალი ეტაპი დასრულდა
FaceBook

ქუთაისის, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის მორიგი ეტაპი დასრულდა.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ტერმინალის ტერასა, ფასადი, ვიტრაჟები და სახურავი მოეწყო.

ახალ ტერმინალს აქვს ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებულია ღია ტერასები გამწვანებით.

სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დაკვეთით შპს "ანაგიმ" განახორციელა.

პრესსასახურის ინფორმაციით, უკვე დასრულდა აეროპორტის შიდა ტიხრებისა და იატაკის მოწყობის სამუშაოებიც. ამ ეტაპზე ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დაიწყება შიდა ინტერიერის მოწყობა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი არსებულ ტერმინალზე ოთხჯერ დიდი იქნება, ახალ ტერმინალს შვიდი გასასვლელი ექნება და პიკურ პერიოდში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

 

Print