ახალი ამბები
საქართველოში სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება
FaceBook
2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება და მოსწავლეები სწავლას იმავე ვადებში დაასრულებენ, როგორც გასულ წლებში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მეთორმეტე კლასელებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება, პირველ კლასელებისთვის 27 მაისს და დანარჩენი სკოლის მოსწავლეებისთვის 15 ივნისს.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გახარიას განცხადებით, ეროვნული გამოცდები ჩვეულ პერიოდში გაიმართება.

"ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ჩვეულებრივ, როგორც ცხადდება ხოლმე". 

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საზოგადოებას განათლების სისტემის ყველა მიმართულებით პრეზენტაცია წარუდგინა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც. 

მინისტრის განცხადებით, დისტანციური სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, განხორციელებული პროექტების გარდა, სამინისტროში უკვე მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.


"ქართულ ენაზე ითარგმნება Microsoft Teams; ხორციელდება ელექტრონული ჟურნალის პროგრამა Teams-ში ინტეგრირება; სკოლებში მიმდინარეობს Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამის დანერგვა; გრძელდება აქტიური მუშაობა გამომცემლობებთან, რათა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის".

მან, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულება სტუდენტთა პირველ ნაკადს სამ  სპეციალობაზე, სამომავლოდ კი სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

Print