ახალი ამბები
ოპოზიცია პანდემიით დაზარალებულებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს
FaceBook

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც პანდემიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად იმუშავებს.

ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა საკრებულოს უკვე გაუგზავნეს წერილი, სადაც კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებს გამო, კიდევ უფრო გაღარიბებული ადამიანების დასახმარებლად, ბიუჯეტში ხუთი მილიონი ლარის მობილიზების საჭიროებაზეა საუბარი. ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ქალაქის ხელისუფლება რეალობას არ პასუხობს და თანხას არაპრიორიტეტულ პროექტებზე ხარჯავს.

"ადამიანები შიმშილობენ და ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან, როგორ და რა ფორმით დაეხმარება მათ მთავრობა. ქუთაისის მერია კი 800 000 ლარს ხარჯავს ტრენაჟორების შესაძენად და გონიათ ეს არის ამ ვითარებაში მთავარი საკითხი ხალხისთვის. ახლა არ არის პოლიტიკური დებატების გეგმა. ახლა არის დრო, რომ რაც შეიძლება მალე შევქმნათ ანტიკრიზისული ბიუჯეტი, არ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და მოკლე ვადებში დავეხმაროთ ხალხს", – განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ. მისი თქმით, მერიამ თანხის მობილიზება მივლინების, კვების, რემონტის და პირადი კომფორტისთვის გათვლილი ხარჯების შემცირებით უნდა მოახდინოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეთავაზებას სხდომაზე ხმაური მოყვა. უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას არ აქვს უფლება ხელისუფლებას უკარნახოს როგორ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ კი თქვა, რომ ოპოზიცია ჯერ კიდევ არ იყენებს საკრებულოში არსებულ თანამშრომლობის რესურსებს, ამიტომ ახალი ფორმატის შექმნა საჭირო არ არის.

"ოპოზიციას ჯერ კიდევ არ აქვს გამოყენებული ის რესურსები, რაც საკრებულოშია, მაგალითად კომისიები. შესაბამისად, ეს ინიციატივა მხოლოდ დამატებით ბიუროკრატიას შექმნის", – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ოპოზიციის კრიტიკას მერია მოსახლოებისთვის სოციალური ნობათების დარიგებით პასუხობს და აცხადებს, რომ ბიუჯეტში ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი რესურსი არ არის.


 

Print