პოლიტიკა
"შეწყვიტონ ინფრასტრუქტურული პროექტები" - წულაია ბალახვნის კიბეზე
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია კორონავირუსის კრიზისის დროს ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების ინიციატივით გამოდის.

წულაია ქუთაისის მერიის მიერ ბალახვნის უბანში ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრქუციაზე ჩატარებულ ტენდერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ადგილობრივი მთავრობისთვის სოციალური თემები უნდა იყოს პრიორიტეტული.

"30 000 ლარი უკვე დახარჯულია და ამ 30 000-ის გარდა, 615 000 ლარი იხარჯება, იმ ფონზე, როდესაც ამ კიბით დღეში, მაქსიმუმ, 20 ადამიანი სარგებლობს. ფულის საშოვნელ ადგილად გადააქციეს ეს კიბე და ვთვლი, რომ ეს არის რიონს გატანილი ფული".

ის, ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, გაჩერდეს და ეს თანხა გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გადანაწილდეს. 

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციისთვის მორიგი ტენდერი მიმდინარე წლის სამ აპრილს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 736 306 ლარი იყო. ტენდერში სულ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. თავიდან ბესიკ ივანიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა მან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. შედეგად კიბის რეკონსტრუქცია შპს ლამოდერნა, ხვდა წილად. ლამოდერნა თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელმაც კიბის რეკონსტრუქცია 30 000 ლარის სანაცვლოდ უნდა განახორციელოს.

ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიის 2018 წლის გაცემული დაპირება იყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში მაშინ აცხადებდნენ, რომ რეკონსტრუქციის შემაფერხებელი მიზეზი კიბის მიმდებარედ არსებული ის მიწის მონაკვეთი იყო, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა. ეკონომიკის სამინისტრო კი, ტერიტორიის გადაცემაზე უარს აცხადებდა.

საბოლოოდ, უწყებამ მიწის ნაკვეთი 2019 წლის მარტში, კერძო პირზე გაასხვისა. თუმცა მერიამ სამუშაოების მარტივად დაპროექტება ვერ მოახერხა. ადგილობრივ მთავრობას კიბის რეკონსტრუქციაზე ტენდერის ოთხჯერ გამოცხადება დასჭირდა. 



ამავე თემაზე:

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე:   ნახეთ აქ








Print