ახალი ამბები
2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 3 600-ზე მეტი სტუდენტი, ხოლო მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები - 19 600-ზე მეტი აღმოჩნდა.

პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გამო განათლების სამინისტრომ რეგისტრაციის ვადა აპრილის თვის ბოლომდე გაახანგრძლივა, რომელიც გუშინ ამოიწურა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

"სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
Print
თეგები: #გამოცდები 2020