ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა შეჩერდა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა დროებით შეჩერდა.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის თქმით, ვინაიდან ქუთაისის აეროპორტის განვითარების ახალი ტერმინალის მშენებლობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოზიდული სახსრებით ხდებოდა, ამ ეტაპზე ეს პროექტი შეჩერდა.

"მიმდინარეობს დაფინანსების ალტერნატიული ფორმების მოძიება იმისათვის, რომ პროექტი დავასრულოთ. რამდენიმე ტენდერი ჩავშალეთ, ვინაიდან ინფრასტრუქტურულ განვითარებაში ასეთი კრიზისული ვითარების დროს თანხების დახარჯვა რთულია. ახლავე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ აეროპორტებმა ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელონ, თუ მოძიებული იქნება შესაბამისი ფინანსური სახსრები, რადგან ფრენები არ არის. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ ეს პროექტები დასრულდეს, კარგი იქნება, თუ სახსრები იქნება მოძიებული", - ამის შესახებ არჩუაძემ ონლაინ კონფერენციაზე: "კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ყოველწლიურად მატების გამო, სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად 7 რეისის შესრულება იქნება შესაძლებელი. განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. 

მიმდინარე წლის 21 მარტიდან კორონავირუსის გამო საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდა.

Print