ახალი ამბები
„ქუთაისის ზოგიერთ ბაღში გადატვირთული ჯგუფების გამო ბავშვებს სკამებზე ძინავთ“
FaceBook

ქუთაისის რიგ ე.წ. პრესტიჟულ ბაგა-ბაღებში მშობლები ჯგუფების გადატვირთვას უჩივიან.

 

მათი თქმით, ზოგიერთ ბაღში თითო ჯგუფში 50-ზე მეტი ბავშვი ყავთ.
"ძალიან გადატვირთულია მე-17 ბაგა -ბაღი. შეუძლებელია ამდენ ბავშვს ორმა თუ გნებავთ სამმა მასწავლებელმა და აღმზრდელმა კარგად მიხედოს", - აღნიშნავენ მშობლები.

ააიპ ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბავშვების რაოდენობაზე სახელმწიფო დონეზე ლიმიტი არ არის დადგენილი. ამიტომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მშობლებს უარი უთხრან, თუმცა: "მშობელი თავიდანვე ინფორმირებულია იმ პირობებზე და სერვისებზე, რაც ბაღში არის. მშობლებს ეუბნებიან, რომ ჯგუფები შევსებულია და ზოგჯერ გადატვირთულია, თუმცა მშობელი ამ პირობებზე თანახმაა", - ამბობს ააიპ ქუთაისის გაბა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსი თამთა ფოფხაძე.
ააიპში აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას და ბაღების განტვირთვას მიშენებებით აპირებენ. ეს მიშენებები ქუთაისში ათამდე ბაღს ჩაუტარდება.
ბაღებთან დაკავშირებით მშობლები ასევე საუბრობენ, რომ სამი წლის ბავშვებს არ აძინებენ და მათ პირდაპირ სკამებზე ეძინებათ. "ქუთაისის ზოგიერთ ბაღებში გადატვირთული ჯგუფების გამო ბავშვებს სკამებზე ძინავთ", - ამბობენ ისინი.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. "ბაღებში პროგრამები ისეა აწყობილი, რომ ძილისთვის ნაკლები დროა, მაგრამ თუკი ვინმეს ეძინება, მას გადაიყვანენ საძინებელში. ასე რომ ვინმეს სკამებზე ეძინოს ასეთი რამ არ ხდება",- აღნიშნავენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.
ააიპში აღნიშნავენ რომ ქუთაისის ყველა ბაღში კარგი პირობებია და ამ მხრივ გამონაკლისი არც ერთი ბაღი არ არის.
ქუთაისში სულ 35 ბაგა-ბაღია.

Print