ახალი ამბები
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად შუქრუთში მაღაროების პიკეტირება გრძელდება
FaceBook
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად ჭიათურის შუქრუთის მცხოვრებლები სოფელში "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული მაღაროების პიკეტირებას  აგრძელებენ.

შუქრუთში მცხოვრები ჯანო ლაბაძის თქმით, მაღაროების პიკეტირება გარკვეული შეზღუდვებით გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რჩება კარავში, რომლებიც მთელი კარანტინის პერიოდის განმავლობაში კარავში იცხოვრებენ.

"სოფლის მოსახლეობა სახლში რჩება. მხოლოდ ექვსი ადამიანი დავტოვეთ კარავში და ასევ ვახერხებთ პიკეტირების გაგრძელებას", - ამბობს ჯანო ლაბაძე.

ისინი ამბობენ, რომ მათ, ფაქტობრივად, კარავის გარეთ მყოფ პირებთან შეხება არ ექნებათ. 

21 მარტს გამოცხადებული ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის მიხედვით, 10-ზე მეტი ადამიანის თავყრილობა იკრძალება.


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული 17 მაღარო შუქრუთში 17 თებერვლიდან აქვთ პიკეტირებული. ისინი 36-ე დღეა პროტესტს აგრძელებენ და სოფელ შუქრუთში კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას არ აძლევენ.

მოსახლეობა ჩივის, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს იყო პარალიზებული.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები შუქრუთელებს დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ. 

კომპანიამ ამის შემდეგ შუქრუთში მცხოვრებ 81 ადამიანს სასამართლოში უჩივლა.

"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საჩხერის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის ნოემბერში შეტანილი სარჩელიდან ირკვევა, რომ ისინი მოსახლეობისგან მაღაროების მუშაობის პარალიზების დროს მიყენებული ზარალის ანზღაურებას ითხოვდნენ. თუმცა, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც კომპანიამ ეს განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოგვიანებით, შუქრუთელების მიერ მაღაროების პიკეტირების განახლების შემდეგ, კომპანიამ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს.

ფოტო: მარიამ ლაღაძე

ამავე თემაზე:

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ომბუდსმენი შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება


"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი
Print