ახალი ამბები
ქუთაისში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს
FaceBook

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული გ.ბ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთ-შელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს – 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი – 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს,  პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

Print