ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
FaceBook

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრის მიმართვის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგებო ზომებში  არ იგულისხმება  არც სრული კარანტინი და არც კომენდანტის საათი.

„ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. პრემიერ–მინისტრის წარდგენის საფუძველზე, ასევე, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს შეიზღუდება მოქალაქეთა გარკვეული უფლებები. დეკრეტში არ შედის  არც სრული კარანტინი და არც კომენდანტის საათი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ამ ზომების გამკაცრება საჭირო არ გახდება.

პრეზიდენტის ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, საბოლოოდ კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა. დეპუტატები საგანგებო სესიაზე საკანონდებლო ორგანოში,  სავარაუდოდ,  დღის ბოლომდე შეიკრიბებიან.


კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო რეჟიმი 21 მარტიდან ამოქმედება და 21 აპრილამდე გაგრძლდება.

საგანგებო ღონისძიებების  ნუსხა მოიცავს შემდეგ ზომებს: იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები; საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვების; დგინდება საჯარო სერვისების მიწოდებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები; იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა; ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის წესები.

წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს  ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირზე კი 15 000 ლარს. იგივე ქმედება განმეორებით,  დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.



რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა ნახეთ აქ.
Print