ახალი ამბები
მოსახლეობის დაპირისპირების მცდელობაა - შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაზე
FaceBook
ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას იმის შესახებ, რომ საწარმოში დასაქმებულ პერსონალს კუთვნილ ხელფასს სრულად ვერ აუნაზღაურებ და ამაში პასუხისმგებლობას სოფელ შუქრუთის მოსახლეობას აკისრებს, ჭიათურის მოსახლეობის დაპირისპირების პროვოცირებაა.

ასე აფასებენ შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას. გიორგი ოსეფაშვილის ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიამ თამაშის წესები შეცვალა და მათ წინააღმდეგ მშრომელი ხალხის დაპირისპირება გადაწყვიტა.

"ჩვენ გვაქვს ამ ხალხთანაც ურთიერთობა. ისინი სოლიდარულები არიან ჩვენ მიმართ პატივს სცემენ ჩვენს გადაწყვეტილებას. "ჯორჯიან მანგანეზს" ურჩევნია რელაური და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმით დავეხმაროთ მაღაროელებს კუთვნილი ანაზღაურების სრულად მიღებაში. დასაქმებულები არ უნდა დაზარალდნენ", - ამბობს გიორგი ოსეფაშვილი. 

"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ 20 მარტს განცხადა.

"2020 წლის 1 მარტიდან, 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში, საწარმოსა და დასაქმებულთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული იძულებითი მოცდენის პერიოდს, კომპანია 60%-ით, ან დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე 100%-ით აანაზღაურებს, ხოლო 20 მარტიდან აპრილის თვის ბოლომდე შესაძლო იძულებითი მოცდენა, კომპანიის მიერ 60%-ით ანაზღაურდება. აღნიშნული ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან მოსახლეობის მიერ ბლოკირებულ ობიექტებზე", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული 17 მაღარო შუქრუთში 17 თებერვლიდან აქვთ პიკეტირებული. ისინი 34-ე დღეა პროტესტს აგრძელებენ და სოფელ შუქრუთში კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას არ აძლევენ.

მოსახლეობა ჩივის, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს იყო პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ. 

კომპანიამ ამის შემდეგ შუქრუთში მცხოვრებ 81 ადამიანს სასამართლოში უჩივლა.

"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საჩხერის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის ნოემბერში შეტანილი სარჩელიდან ირკვევა, რომ ისინი მოსახლეობისგან მაღაროების მუშაობის პარალიზების დროს მიყენებული ზარალის ანზღაურებას ითხოვდნენ. თუმცა, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც კომპანიამ ეს განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოგვიანებით, შუქრუთელების მიერ მაღაროების პიკეტირების განახლების შემდეგ, კომპანიამ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს. 


ამავე თემაზე:


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ომბუდსმენი შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება


"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი
Print