ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ
FaceBook
ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები ტყიბულის მერიის წინ აქციას მართავენ.

ისინი გაფიცვის დღეებში გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას ითხოვენ. ამასთანავე, ითხოვენ დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით.

"მერამდენედ მოგვატყუეს უკვე. ასე გაგრძელება არ შეგვიძლია. ვითხოვთ, ასევე, რომ გაგვაცნონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და გვითხრან რა ღონისძიებები იგეგმება შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად", - ამბობს ერთერთი მეშახტე, ირაკლი ჩიხლაძე.


მანამდე ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში მომუშავე მეშახტეები 24 თებერვალს გაიფიცნენ.

200-მდე მეშახტე მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათი თქმით, ახალ სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ.

მეშახტეებმა გაფიცვა 28 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ რაც კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ძიძგურის შახტი მალე აღდგებოდა.

ამის შემდეგ, 9 მარტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყიბულის შახტში 5 მეშახტე მოიწამლა.

მეშახტეები მოწამვლას ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებენ.

"გულის რევა, სახის შებრუშება აღენიშნებოდათ. იქ სიარული არ შეიძლება", - ამბობენ მეშახტეები. 

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის "Coal of Georgia"-ს დირექტორის, მიხეილ სოცკის თქმით, ეს მეშახტეების მოწამვლის ფაქტი არ იყო და რომ ისინი უბრალოდ ცუდად გახდნენ და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

მეშახტეების მოწამვლის შემთხვევას გამოეხმაურა EMC და მთავრობისგან უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფამდე ტყიბულის შახტების დახურვასა და სამუშაოების განახლებამდე მეშახტეებისთვის ხელფასების სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ.

Print