ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში შეზღუდვები დამატებით სამ ქვეყანაზე დაწესდა
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში დამატებითი შეზღუდვები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა 


საქართველოს საზღვრზე დამატებითი შეზღუდვები შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დაწესდა.

ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან: წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მგზავრებმა აუცილებელია გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.

ქუთაისის აეროპორტში ამ დრომდე  შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.

ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.
Print