ახალი ამბები
სკოლები, შესაძლოა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს
FaceBook
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი "ქუთაისიპოსტთან"  საუბარში განმარტავს,
რომ 16 მარტიდან საჯარო სკოლები, შესაძლოა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს.

"ველოდებით მინისტრის გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით გადავალთ თუ არა დისტანციურ სწავლებაზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიუწვდება სკოლებს ამაზე ხელი, ამ ეტაპისთვის სამინისტროში სწორედ ეს საკითხი განიხილება, თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავედით სასწავლო პროცესი 16 მარტს აღდგება", –  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროცესი ქვეყანაში 1 აპრილამდე შეწყდა.
მანამდე, განათლების სამინისტრომ ერთკვირიანის ნაცვლად, ორკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები გამოაცხადა, რომელიც 2 მარტს დაიწყო და 16 მარტს უნდა დასრულებულიყო.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი.
სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.
Print