ახალი ამბები
წყალტუბოში კარანტინში მყოფი 2 მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
FaceBook
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც წყალტუბოს ერთერთ სანატორიუმში კარანტინში იყვნენ, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. ამჟამად, ისინი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი და უტარდებათ სპეციალური მკურნალობა. 

ბოლო მონაცემებით COVID19 სულ 24 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლეობა იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტი წევს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიით, მათგან ორი ირანში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ესპანეთში.

ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსი 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან გავრცელდა.


Print