ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეები ისევ გაიფიცნენ
FaceBook
ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები ისევ გაიფიცნენ.

მეშახტეები გაფიცვის დღეებში გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი, ასევე, ითხოვენ კომპანიამ მინდელის სახელობის შახტის იმ მეშახტეებსაც აუნაზღაუროს ერთი გაცდენილი დღის თანხა, რომლებმაც კოლეგებს გაფიცვის დროს სოლიდარობა გამოუცხადეს და სამსახურში არ გამოცხადნენ. 

"სიტყვიერად დაგვპირდა კომპანია თავიდან, მაგრამ მოგვატყუეს. ახლა გვეუბნებიან, რომ შვებულების თანხით მოხდება ანაზღაურება და ეს  რა გამოვიდა? ვითხოვთ ღია შეხვედრის ორგანიზებას დამსაქმებელ კომპანიასთან სახელმწიფოს წარმომადგენლის მონაწილეობით", - ამბობს ერთ–ერთი მეშახტე. 

გაცდენილი საათების ანაზღაურების გარდა, 200-მდე მეშახტის მოთხოვნაა, ძიძიგურის შახტის ბაგირის შეცვლა 2020 წლის 31 მაისამდე მოხდეს, დროულად დასრულდეს შახტის სარკინიგზო სარეკონსტუქციო სამუშაობი და გამკაცრდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები.

მანამდე ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში მომუშავე მეშახტეები 24 თებერვალს გაიფიცნენ.

200-მდე მეშახტე მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათი თქმით, ახალ სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ. მეშახტეებმა გაფიცვა 28 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ რაც კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ძიძგურის შახტი მალე აღდგებოდა.

ამის შემდეგ, 9 მარტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყიბულის შახტში 5 მეშახტე მოიწამლა.

მეშახტეები მოწამვლას ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებენ.

"გულის რევა, სახის შებრუშება აღენიშნებოდათ. იქ სიარული არ შეიძლება", - ამბობენ მეშახტეები. 

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის "Coal of Georgia"-ს დირექტორის, მიხეილ სოცკის თქმით, ეს მეშახტეების მოწამვლის ფაქტი არ იყო და რომ ისინი უბრალოდ ცუდად გახდნენ და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

მეშახტეების მოწამვლის შემთხვევას გამოეხმაურა EMC და მთავრობისგან უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფამდე ტყიბულის შახტების დახურვასა და სამუშაოების განახლებამდე მეშახტეებისთვის ხელფასების სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ.



ამავე თემაზე:

„პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“ - ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა გრძელდება

ტყიბულის შახტის მფლობელის პირველი კომენტარი გაფიცვაზე
Print