ახალი ამბები
"ერთად შუქრუთის გადასარჩენად" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ჭიათურის მერიის წინ აქციას მართავენ.

მოსახლეობას 21 დღეა ჭიათურაში არსებული მაღაროები პარალიზებული აქვთ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას "ჯორჯიან მანგანეზთან" შუამდგომლობას სთხოვენ.

"ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. სახლები თავზე გვენგრევა. გაუსაძლისი მდგომარეობაა. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს აქციის მონაწილე, შაკო დარბაიძე.


შუქრუთის მცხოვრებლებს 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთში არსებული ყველა მაღარო. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

თავდაპირველად შუქრუთელებმა საპროტესტო აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.



ამავე თემაზე:

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ომბუდსმენი შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება


"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი
Print