ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა.


ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. იგი ქვეყნაში იტალიიდან ჩამოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მას საზღვარზე შემოსვლის დროს,  კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ტემპერატურის მატება მოგვიანებით იგრძნო და  4 მარტს ინფექციურ საავადმყოფოს მიაკითხა.  ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტისგან განსხვავებით, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ახალი შემთხვევა უფრო საყურადღებოა და იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„ოთხივე ინფიცირებული მკურნალობს  ინფექციურ საავადმყოფოში. სამის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მათთან პროგრესირება არ შეინიშნება. მეოთხე შემთხვევა უფრო საყურადღებოა კლინიკურად, მიმდინარეობს პაციენტზე დაკვირვება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ბოლო მონაცემებით საკარანტინო განყოფილებებში სულ 162 ადამიანია მოთავსებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კი 31 პაციენტი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  დღეს დილით  ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ  9 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშია გაგზავნილი, მათგან 8 თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან, ერთი კი ქუთაისიდან.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში  დაიწყო.

Print