ახალი ამბები
ქუთაისში, საჯარო სკოლის სარდაფში მარიხუანას დასამზადებელი ნივთები ამოიღეს
FaceBook

ქუთაისში, აფხაზეთის განათლების სამინისტროს  N5 საჯარო სკოლის სარდაფში მარიხუანას დასამზადებელი ნივთები იპოვეს.


ფოტოები ვიდეოკადრებთან ერთად  ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა. მასალაში ჩანს, სავარაუდოდ, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, სადაც თვითნაკეთი  "ბულბულატორები" და გამოყენებული შპრიცები ყრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლის სარდაფში, ძირითადად, მოსწავლეები იკრიბებიან. ტერიტორიაზე ხშირია მოზარდებს შორის ე.წ. საქმის გარჩევები.



"ერთ ეზოში არის ორი კორპუსი, ერთში განთავსებულია 24 -ე საჯარო სკოლა, ხოლო, მეორე შენობა  წლებია დათმობილია აფხაზეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის #5 საჯარო სკოლისთვის. ეს ამბავი სწორედ ამ  სკოლის შენობის სარდაფში ხდება. განათლების სამინისტრო უკვე საქმის კურსშია. უწყებამ მომხდარი უკვე აცნობა აფხაზეთის მთავრობას", - ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

აფხაზეთის N 5 საჯარო სკოლაში ახლა  არავინ იმყოფება. შენობა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გამო დროებით დაკეტილია.
მომხდარზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ -ს 273-ე პრიმა​ მუხლით დაიწყო, რაც კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას გულისხმობს. სკოლის შენობის სარდაფში ნაპოვნი ნივთები მტკიცებულების სახით  უკვე ამოღებულია.
გამოკითხვაზეა დაბარებული სკოლის დირექტორი.


 

Print