ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
FaceBook

COVID-19-თან დაკავშირებით, იმერეთში საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა.


ჯგუფის წევრებს
იმერთის გუბერნატორი  ზვიად შალამბერიძე შეხვდა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.

როგორც ცნობილია, რეგიონში არსებობს საკარანტინო სივრცეები და არსებული სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება კოორდინირებულად ხდება.


საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სპეცეპიდზედამხედველობის და დეზინფექციის სამსახურის უფროსის რუსუდან ხაჭაპურიძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

ამასთან, შეხვედრაზე ითქვა, რომ იმერეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.  ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი სახელწოდებით covid 19 საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს და იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ 31 წლის ქალს. ირანი და იტალია, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ყველაზე ცხელი წერტილებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში  დაიწყო.

Print