ახალი ამბები
სასწავლო პროცესი, კორონავირუსის გამო, წერეთლის უნივერსიტეტშიც შეჩერდა
FaceBook
საბავშვო ბაღებისა და სკოლების შემდეგ, კორონავირუსის გამო, სასწავლო პროცესი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შეწყდა.
უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  სწავლება უნივერსიტეტში  დღეიდან 9 მარტამდე შეჩერდება. 

"ამ დროის განმავლობაში უნივერსიტეტში სადეზინფეცქიო სამუშაოები ჩატარდება, შეძენილი გვაქვს სპეციალური საშუალებები, რითაც მოხდება დამუშავება", -  განმარტავენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში.


განათლების სამინისტრომ, კორონავირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციები 27 თებერვალს გასცა.

სასწავლო პროცესი  ბაღებსა და სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით შეწყდა.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.



Print