ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა
FaceBook

თბილისი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ სამი პაციენტი მკურნალობს.


ვირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. დღეს, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ რვა პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, რომელთაგან ყველა უარყოფითია. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ტემპერატურა არ აღენიშნებათ. დღის ბოლომდე ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ რვა პაციენტის ბიოლოგიურ ნიმუშებს შეისწავლიან.


ცოტა ხნის წინ  შვიდი წლის მოზარდი მოათავსეს ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში. იგი მშობლებთან ერთად იტალიაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მოზარდის ბიოლოგიური ნიმუშები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.  ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი სახელწოდებით covid 19 საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს და იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ 31 წლის ქალს. ირანი და იტალია, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ყველაზე ცხელი წერტილებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში  დაიწყო.



Print