ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს
FaceBook
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, ქუთასის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, დეზინფექცია დღეს ქუთაისის N1 საჯარო სკოლიდან დაიწყო. 

"სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დავიწყეთ პირველ საჯარო სკოლაში და დაახლოებით, ერთ კვირაში ყველა სკოლას მოიცავენ", - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

სამი მარტიდან დაიწყება ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები.

კორორნავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან ჩამოვიდა. ვირუსი აღმოაჩნდა იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც, ასევე, საქართველოს მოქალაქეა. მან სამედიცინო დაწესებულებას 27 თებერვალს მიმართა.

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ამასთან, აქტიურ ფაზაში გადავიდა საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
Print