ახალი ამბები
წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში კედელი ჩამოინგრა
FaceBook
წყალტუბოში სანატორიუმ "საქართველოში", სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს კედელი მთლიანად ჩამოინგრა.
შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, რომლის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობის ნანგრევები იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა.

დევნილები ამბობენ, რომ ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები და შემთხვევა დღისით რომ მომხდარიყო, შესაძლოა, მსხვერპლი  ყოფილიყო. ისინი  დევნილთა სამინისტროს შენობიდან გაყვანას სთხოვენ.

"ღამის სამ საათზე მოხდა. ხმაურმა გაგვაღვიძა, მიწისძვრა გვეგონა, გამოვედით და ვნახეთ რომ სამზარეულოს კედელი ჩამოინგრა. დაზიანდა ავტომობილი, რომლის მძღოლიც იმ წუთის გადმოსული იყო, შემთხვევით გადარჩა. გადავრჩით, რომ დღე არ მოხდა და არავინ დაშავებულა," - ამბობს სანატორიუმ "საქართველოს" ერთ-ერთი მცხოვრები.  

დევნილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული შენობიდან დევნილების ბინით უზრუნველყოფა 2017 წელს მოხდა და რომ ახლა შენობა სააქციო საზოგადოება "საქართველოს" ბალანსზეა. 

"ჩვენი ინფორმაციით ერთი ოჯახია უკანონოდ შესახლებული აღნიშნულ სანატორიუმში. იქ მცხოვრები დევნილები ჯერ კიდევ 2017 წელს გადავიყვანეთ სხვა ფართში. სანატორიუმს ჰყავს კერძო მეპატრონე, ასე რომ ჩვენ და ყველა სამთავრობო უწყება უძლური ვართ ამ შემთხვევაში", - ამბობს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, დავით ჭეიშვილი.




Print