ახალი ამბები
კორონავირუსთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება
FaceBook

კორონავირუსთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება,ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. 

განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სკოლებში დეზიმფექცია ყოველდღიურად ტარდება.

'' განათლების სამინისტრომ გასცა კორონავირუსისგან თავის დასაცავად შესაბამისი რეკომენდაციები ყოველდღე ხდება სკოლის დალაგება სველი წესით, ტარდება გენერალური დასუფთავება, რაც შეეხება ხსნარებს, ყველა სკოლას აქვს ბიუჯეტი, რომლითაც შეუძლიათ შეიძინონ სპეციალური ხსნარები'',- განმარტავენ განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტრომ, კორონავირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციები 27 თებერვალს გასცა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


 

Print