ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს
FaceBook

ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულები მმართველი კომპანიის  გადაწყვეტილებას, მათი  სხვა შახტში გადაყვანის შესახებ,  დათანხმდნენ.


მეშახტეებმა, რომლებიც სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებდნენ, დღეს დილით  მუშაობა მინდელის სახელობის შახტში გააგრძელეს. რამდენიმე დღიანი გაფიცვა ისე დასრულდა, რომ კომპანია “coal of gerogia”-მ მათი მთავარი  მოთხოვნები არ გაითვალისწინა. ამის მიუხედავად, მეშახტეები  ამბობენ, რომ ადმინისტრაციისგან წერილობითი პირობა მიიღეს, რომ ორ-სამ თვეში თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, თუმცა, ბრძანებაში, რომელიც კომპანიამ გამოსცა, არ არის მითითებული კონკრეტული დრო, თუ როდის განაახლებს მუშაობას ძიძიგურის შახტი.


„ზეპირად შევთანხმდით დროზე, მაგრამ ბრძანებაში, რომელიც კომპანიამ გამოსცა, წერია, რომ ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ განისაზღვრება კონკრეტული თარიღი, როდის აღდგება სამუშაო პროცესი შახტში. გარდა ამისა, პროფკავშირებმა შევიტანეთ  წერილი, რომ თუ სამთვიანი პირობა არ შესრულდება, ისევ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს“, - ამბობს „ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის“ თავმჯდომარე, გიგა ისაკაძე.


მისი თქმით, კომპანია თანხმ
აა, რომ თანამშრომლები ახალ სამუშაო ობიექტზე ძიძიგურის შახტიდნ ჩავიდნენ და ძველებურად ისარგებლონ ამავე შახტის ადმინისტრაციული შენობით. მეშახტეები მომავალ კვირას ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლასაც ელოდებიან, თუმცა, დაზუსტებით არ იციან ვინ შეიძლება ჩავიდეს ტყიბულში.


ძიძიგურის შახტში დასაქმებულები 24 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას,  ობიექტზე ტექნიკური რემონტის მიზეზით მუშების მინდელის შახტში გადაყვანის შესახებ, არ ეთანხმებოდნენ.  გაფიცულები ამბობდნენ, რომ კომპანიას სინამდვილეში ძიძიგურის შახტის დახურვა ჰქონდა გადაწყვეტილი. მეშახტეები ამბობდნენ, რომ პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტდნენ, თუ რემონტის განმავლობაში გაცდენილი სამუშაო საათები აუნაზღაურდებოდათ.

კომპანიამ გაფიცულების საპასუხოდ თავიდანვე სამთვიანი ვადა მოითხოვა,  ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების პარალელურად კი მათთვის ხელფასის გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა,  მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა. შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები  უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.




ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტების მმართველი კომპანია გაფიცულების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს
„პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“ - ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა გრძელდება
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
ტყიბულის შახტის მფლობელის პირველი კომენტარი გაფიცვაზე

 

Print