ახალი ამბები
ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოდან 41 ნიმუშია გადაგზავნილი
FaceBook

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ლუგარის ცენტში 41 ნიმუშია გაგზავნილი.


ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში 10 ადამიანია მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, 5-ის პასუხი დღეს გახდება ცნობილი, დანარჩენი 5-დან კი როგორც ცნობილია ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ამირან განმყრელიძემ მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

"ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს. რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ ჩამოვიდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟოდან გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მოქალაქეებს ურჩევს აუცილებელი შემთხვევის გარდა, არ გაემგზავრონ იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ეპიდემიის საფრთხე მომატებულია, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, ხშირად დაიბანონ ხელები, საჭიროების შემთხვევაში ატარონ სამედიცინო ნიღაბი, დაიცვან პირადი ჰიგიენა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო: imedinews.ge

Print