ახალი ამბები
"შახტი გადის ტექნიკურ რემონტზე, რასაც სამი თვე დასჭირდება"- ძიძიგურის შახტის დირექტორი
FaceBook
ტყიბულის ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების მმართველი კომპანიის დირექტორი მიხეილ სოცკი,  ცოტა ხნის წინ გაფიცულ მეშახტეებს შეხვდა.

სოცკი უარყოფს შახტის შესაძლო დახურვას და აცხადებს, რომ მუშების მინდელის შახტში გადაყვანა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

კომპანიის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამისთვის დაახლოებით სამთვიანი ვადაა საჭირო.

"დღეს დილით ჩვენ ვისაუბრეთ ყველა  საკითხზე. ეს არის დროებითი შეჩერება ტექნიკური რემონტისთვის. არც მუშების და არც ხელფასის შემცირება არ იგეგმება. ტექნიკურ სამუშაოებს,  დაახლოებით,  სამი თვე დასჭირდება"-განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

კომპანიის მიერ დასახელებული ვადები გაფიცული მეშახტეებისთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ არანაირი პირობის სანაცვლოდ მინდელის შახტში არ გადავლენ. გარდა ამისა, მეშახტეები ითხოვენ ბაგირის შემოწმების პროცესში ძიძიგურის შახტის ტექნიკური ჯგუფიც ჩაერთოს.

"ვფიქრობთ,  ეს ბაგირი  ჯერ კიდევ ვარგისია და შესაძლებელია მისი გამოყენება, მაგრამ რადგან გადაწყდა, რომ უნდა შემოწმდეს, მოვითხოვთ ჩვენი ტექნიკური ჯგუფის თანდასწრებით მოხდეს ეს პროცესი"- განაცხადა მეშახტეთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, გაგა ისაკაძემ.

ტყიბულში 200-მდე მეშახტე დღეს გაიფიცა.

მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებენ.

2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია Coal of Georgia ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა  მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.
შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები  უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.



ამავე თემაზე:


ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულის შახტის მფლობელის პირველი კომენტარი გაფიცვაზე

Print