ახალი ამბები
"რაც ახალი ინვესტორი მოვიდა, შახტში ფული არ დახარჯულა" - ტყიბულელი მეშახტეების პროტესტი
FaceBook
ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულები დილიდან გაფიცულები არიან.
ისინი ინვესტორი კომპანიის მიერ მათი მინდელის შახტში გადაყვანას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კომპანიას სინადვილეში შახტის დახურვა აქვს გადაწყვეტილი, რაც მათი სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს. გაფიცული მუშების თქმით, კომპანია ერთი შახტიდან მეორეში გადაყვანის მიზეზად ძიძიგურის ობიექტზე ბაგირის შეცვლის სამუშაოებს ასახელებს, რაც მუშებით თქმით  აბსურდია, რადგან ბაგირის შეცვლას მაქსიმუმ 12 საათი სჭირდება.

მეშახტეები ამბობენ, რომ  რეალურად კომპანიას თანხის დახარჯვა არ უნდა და შახტის დასახურად მიზეზებს ეძებს.

"ბაგირი სინამდვილეში არის მიზეზი. 12 საათი სჭირდება მის შეცვლას, მაგრამ თანხის დახარჯვა არ უნდათ. დაახლოებით 500 000 ლარია ამისთვის საჭირო. რაც მოვიდნენ არაფერი გაკეთებულა, თანხა არ დახარჯულა. პირდაპირ ამბობენ, რომ ვერ ყიდიან ქვანახშირს. უკვე  წლებია ამ შახტის დახურვაზე მიდის საუბარი. წინა კომპანიაც ამას ამბობდა, რომ უნდა გადავეყვანეთ მინდელის შახტში, "-ამბობს შახტში დასაქმებული გიგა საპანაძე.

მუშების მხრიდან კომპანიის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირების თავმჯდომარე და აცხადებს, რომ მეშახტეებს არ აქვთ იმედი, რომ სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ.

"ოთხი თვის წინ იცოდნენ, რომ ბაგირი იყო შესამოწმებელი, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ნდობა აღარ აქვთ მეშახტეებს და არ სჯერათ რომ სამსახურიდან არ გაუშვებენ. კომპანიას დღესვე შეუძლია დაუკავშირდეს ეკონომიკის სამინისტროს და დაიწყოს ბაგირის შემოწმება", - ამბობს გიგა ისაკაძე.

მეშახტეები საკითხის გარკვევამდე გაფიცვის შეწყვეტას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.


2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია Coal of Georgia ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა  მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.
შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები  უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.




ამავე თემაზე:


ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულის შახტის მფლობელის პირველი კომენტარი გაფიცვაზე


Print