ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
FaceBook
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა.

ადგილზე დასაქმებულები დღეს დილით სამსახურში მივიდნენ, თუმცა, პროტესტის ნიშნად არ მუშაობენ. მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებენ.

ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.

"რამდენიმე მილიონის ინვესტიცია უნდა ჩაედოთ ამ შახტში და ერთი, უბრალო, ფურცელიც კი არ მოუტანიათ. ცხადია, არ უნდათ ვალდებულების შესრულება და გადაწყვეტილი აქვთ ამ შახტის გაუქმება. ყველაფერი უკვე ამაზე მიუთითებს. ჯერ თქვეს ბაგირი გაფუჭდაო, მაშინ როცა ოთხი თვის წინ იცოდნენ, რომ ამ ბაგირს ექსპლოატაციის ვადა 2020 წლის თებერვალში გადიოდა, ახლა ამბობენ წყლის გამაცხელებელი უნდა დავანგრიოთო, ერთი კვირაა ელმავალი გაფუჭებულია და ფეხით დავდივართ დღეში შვიდ კილომეტრს. ზუსტად ასე დაიწყო 90-იანებში შახტების დახურვა და ვიცით ახლაც რა ხდება,"- ამბობს ძიძიგურის შახტის თანამშრომელი ზაქრო ილურიძე.

"შახტის დახურვა რომ განზრახული აქვთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ექვსი თვეა მოსულები არიან და ექვსი ლარი არ დაუხარჯიათ. ბაგირის შეცვლას იდებენ მიზეზად, თუ ბაგირის ფული არ აქვთ, რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას როგორ განახორციელებენ? ყველას ახსოვს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რომ იყო ჩამოსული რამდენიმე თვის წინ, რა დაპირებებიც გასცა. არაფერი არ შესრულდა. იმის ნაცვლად, რომ ახალ კომპანიას გაეუმჯობესებია პირობები, პირიქით, გააუარესა ყველაფერი", -ამბობს ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული, ირაკლი ჩიხლაძე.


გარდა იმისა, რომ სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ, მეშახტეები ამბობენ, რომ მინდელის შახტში გადაყვანის შემთხვევაში სახლამდე მისასვლელად 3- 4 საათით მეტი დრო დასჭირდებათ,რაც რეალურად მათთვის დამატებითი დატვირთვა იქნება. შიდა საუბრებით კი გაარკვიეს, რომ მეშახტეების მცირე ნაწილს, მინდელის შახტში გადასვლის შემთხვევაში 200 ლარიან სამუშაოს პირდებიან,მაშინ როცა მათი ანაზღაურება 1000-დან 1100 ლარამდე შეადგენს.

ძიძიგურის შახტში დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე ინვესტორისგან სამუშაო ადგილების შენარჩუნების პირობას არ მიიღებენ, მუშაობას არ განაახლებენ.
Print