ახალი ამბები
ქვევრი - როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი
FaceBook
ქვევრის ღვინო სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარობის მიზნით შესაძლოა ქვევრი გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტად აღიარონ


აღნიშნული ინიციატივა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მუშაობენ. 

„ქართული ღვინის ცნობადობისთვის, საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, ქვევრის ღვინო განსაკუთრებული ღირებულების პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ქვევრის, ამ კულტურული მემკვიდრეობის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაცვა. გაზრდილი ინტერესის გამო, ქვევრის ღვინო საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იწარმოება. შესაბამისად, ჩვენი ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის რეპუტაციისა და პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას, ასევე პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას“, - ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროების, ასევე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასოციაციის „ქართული ღვინო“, იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემიის წარმომადგენლები და მეცნიერები შევლენ.

სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საჭირო დასაბუთებულ სპეციფიკაციებსა და აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმებს. ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც არასასურსათო პროდუქტი დარეგისტრირდება როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.

ამ დრომდე, საქართველოში დარეგისტრირებულია 20-მდე გეოგრაფიული აღნიშვნა, მათ შორის, ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, სვანური სულგუნი, გუდა და ა.შ.

გეოგრაფიული აღნიშვნა წარმოადგენს გეოგრაფიული ადგილის სახელს ან რაიმე ამ ადგილზე მიმანიშნებელ სხვა დასახელებას, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები განპირობებულია წარმოების ადგილისათვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით.

ქართული ქვევრის ღვინოს 2013 წელს, არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2017 წელს, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.


Print