ახალი ამბები
ექსპერტები, ხონის მუნიციპალიტეტში დამწვარი სკოლის შენობის მდგრადობას სწავლობენ
FaceBook

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაის ფაბრიკის სკოლა, სადაც ორი დღის წინ ხანძარი იყო, თითქმის სრულად დაიწვა.


შესაძლებელია თუ არა სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის განახლება, საბოლოო პასუხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ. მანამდე, ჩაის ფაბრიკის 36 მოსწავლე სწავლას მეზობელ სოფელში, დედალაურის სკოლაში გააგრძელებენ.


„სრულად არის დამწვარი მეორე სართული, წყლისგან დაზიანებულია პირველი სართულიც. ჯერ უნდა შეისწავლონ ექსპერტებმა ექვემდებარება თუ არა შენობა აღდგენას. მანამდე, მოსწავლეები დედალაურის სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ უკვე განახლდება. ჯერ ტრანსპორტირების საკითხი უნდა მოგვარდეს. ოთხი კილომეტრით არის  ეს სოფელი დაშორებული  და ბავშვები ფეხით ვერ ივლიან“, -  ამბობს ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი,  ჯულიეტა ქობალია.


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის ფაბრიკის სკოლაში ხანძარი 17 თებერვალს გაჩნდა.
ცეცხლი ჯერ ბაღის საკუჭნაოს მოედო, რომელიც სკოლის შენობას უერთდება, შემდეგ კი სკოლის სახურავზე გადავიდა. ხანძრის დროს სკოლაშიც და ბაღშიც საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა, მოზარდების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების შენობებიდან ევაკუაცია დროულად მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.




ამავე თემაზე:


ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ხანძარია

ხონის მუნიციპალიტეტის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Print