ახალი ამბები
წყალტუბოში მამაკაცი ხანჯლით მოკლეს
FaceBook

წყალტუბოში, საცხოვრებელ ბინაში დაწყებული დაპირისპირება, მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.  ის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ხანჯლით სასიკვდილოდ დაჭრეს.

მარკეტის სათვალთვალო კამერებიდან სისხლიანი გარჩევის კადრები პოლიციამ უკვე ამოიღო.   დაჭრილი 43 წლის კაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


მომხდარის შესახებ მალევე ეცნობა წყალტუბოს პოლიციას. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები, დაიკითხნენ მეზობლები, გარდაცვლილის ნათესავები და თვითმხილველები, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული,  41 წლის მამაკაცი.

შემთხვევა 6 თებერვალს მოხდა. 

ბინა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, ახლა დალუქულია.

დაკავებულის მეზობლები ყვებიან, რომ  ბრალდებულის ბინაში, სადაც ის მარტო ცხოვრობდა, ხმაური მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თითქმის უწყვეტად ისმოდა. მათი ვარაუდით, ბინაში რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა, როლებიც ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. როდის და როგორ აღმოჩდნენ მამაკაცები ქუჩაში, სადაც  ერთმა მეორეს ხანჯალი ჩაარტყა, არ იციან.


„ხმაური გამოდიოდა ბინიდან, რაღაც არ მომეწონა სიტუაცია. სამი-ოთხი ადამიანი იქნებოდა, სვამდნენ. მერე რა მოხდა არ ვიცი. პოლიციელებით აივსო კორპუსი, მთელი რაიონის პოლიცია აქ იყო. ერთმა თქვა,  ხანჯალი ჩააარტყა მიშკამ ვიღაცას და დაჭრილიაო.  მიშკა როდის წაიყვანეს, არ გაგვიგია“,-ამბობს დაკავებულის მეზობელი.


„თქვეს,  ფულის გამო იჩხუბესო. ხანჯალი დაურტყია. დაკავებული მარტო ცხოვრობდა. მოკლულს არ ვიცნობ. საავადმყოფოში წაუყვანიათ, ოპერაცია გაუკეთებიათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.  სხვა არაფერი ვიცი“,- ამბობს  მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი.

გარდაცვლილი დევნილი იყო. იგი წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობაში“ მარტო ცხოვრობდა. მამაკაცს ცოლი და ორი შვილი დარჩა, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ. გარდაცვლილის რძალ
ი ამბობს, რომ არ იცის, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სიძის მკვლელობის მიზეზი. მისი თქმით,  მეუღლის ძმას  წყალტუბოში ახლო მეგობარი არ ჰყავდა.


„იშვიათად მოდიოდა, სამუშაო თუ გამოუჩნდებოდა რამე აქ, მაშინ ჩამოდიოდა, ხან ზუგდიდში იყო ცოლ-შვილთან. ბოლო სამი წელი წასული იყო აქედან. ძალიან კარგი თვისებების ადამიანი იყო, ყველასთან ახლობლობდა, მაგრამ გამორჩეული მეგობარი არ ჰყოლია. იმ დღეს რა მოხდა არ ვიცით. გავიგეთ, თერნალში, მაღაზიასთან დაჭრესო. ხანჯლით დაუჭრიათ. თავიდან თქვეს ერთი კაცი იყო მარტოო, მერე თქვეს მეორეც იყოო, მაგრამ ზუსტად არ ვიცით“,-ამბობს გარდაცვლილის ძმის ცოლი, ლელა სილაგაძე.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print