ახალი ამბები
ე.წ. კეჩის ბაზარზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, სამუშაო პროცესი შეჩერებულია
FaceBook

ქუთაისის ე.წ. „კეჩის“ ბაზარში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.


უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია, რის გამოც ადგილზე დასაქმებულები მუშაობას ვერ ახერხებენ. ცეცხლის ჩაქრობის შედეგად შენობაში დაგროვილ წყალს მოვაჭრეები საკუთარი ძალებით წმენდენ.


ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.   შპს „იმერეთის“ დამფუძნებელი კახა გიორგაძე,  მომხდარს ბაზრის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობას უკავშირებს, რომელიც ადმინისტრაციის იმ ნაწილს უერთდება, სადაც ცეცხლი გაჩნდა.  ბაზრის დირექტორი  ამბობს, რომ სავარაუდოდ, ახლადაშენებული შენობის სახურავიდან თოვლის ნაწრეტი წყალი ადმინისტრაციის შენობაში ჩავიდა და ელექტროგაყვანილობა დააზიანა.


„ახალი შენობა რომ გავაკეთეთ აქ, იმის სახურავი უფრო მაღალია, ვიდრე ადმინისტრაციის შენობის, როგორც ჩანს, თოვლის ნაწრეტი წყალი ჩავიდა გაყვანილობაში და მოხდა მოკლე ჩართვა. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“,-ამბობს კახა გიორგაძე.


მისი თქმით, ხანძარი მის სამუშაო ოთახში გაჩნდა, სადაც დაიწვა ინვენტარი და დოკუმენტები. ცეცხლი სხვა ობიექტებზე არ გავრცელებულა. შესაბამისად, ხანძარს არც ერთი მოვაჭრე არ დაუზარალებია. რაც შეეხება  ადმინისტრაციის ოთახს, მისი თქმით, ზარალმა დაახლოებით 7000 ლარი შეადგინა.

კახა გიორგაძე ამბობს, რომ ბაზარში სამუშაო პროცესი მალე აღდგება.




ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზარზე ხანძარი 16 თებერვალს, ღამით გაჩნდა. ცეცხლი ბაზრის ადმინისტრაციის შენობას მოედო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა.



ამავე თემაზე:


ქუთაისში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია


ქუთაისში ე.წ ''კეჩის ბაზრობაზე'' ხანძარია


Print