ახალი ამბები
ხონში, სკოლის მოსწავლეებს, სადაც ხანძარი გაჩნდა, სხვა სკოლაში გადაიყვანენ
FaceBook

ხონში, ჩაის ფაბრიკის სკოლის 37 მოსწავლეს, დროებით  სხვა სკოლაში გადაიყვანენ.


ამის შესახებ ქუთაისიპოსტს  ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ყურაშვილმა განუმარტა. მისი თქმით, უკვე შერჩეულია შენობა, სადაც ჩაის ფაბრიკის სკოლის მოსწავლეები ისწავლიან.

„დედალაურის სკოლაში გადავიყვანთ ხვალ თუ არა ზეგ. ოთხი კილომეტრით არის დაშორებული ამ სკოლიდან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს. ახლა უნდა დავითვალოთ ზარალი და შემდეგ გაირკვევა ყველაფერი. სკოლაში ახალი გაკეთებული იყო რემონტი და სამწუხაროდ, დაზიანდა სახურავი“, - ამბობს ჯულიტა ქობალია.

შენობაში, სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა, დამწვარია სახურავი, რის გამოც სკოლაში ყოფნა უსაფრთხო არ არის.

რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლი თავდაპირველად ბაღის შენობის საკუჭნაოს მოედო,  რომელიც სკოლას უერთდება, შემდეგ კი სკოლის სახურავზე გავრცელდა.

ხანძრის გაჩენის მომენტში ბაღშიც და სკოლაშიც  სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა, მოზარდების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების შენობიდან ევაკუაცია დროულად მოხდა. შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შენობაში ცეცხლის ჩაქრობას 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.


ამავე თემაზე:


ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ხანძარია

ხონის მუნიციპალიტეტის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Print