ახალი ამბები
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
რიკოთის მაგისტრალთან ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშა ისევ რეანიმაციაში რჩება.

თუმცა, როგორც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განმარტავენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რიკოთის უღელტეხილზე, უბისასთან, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დროს, ობიექტი, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, სამშენებლო ნორმების დარღვევით იყო აშენებული.

"სავარაუდოდ, არ იყო სამუშაოები სწორად შესრულებული", - ამბობს ვიტალი გიორგაძე. მისი თქმით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, მუშები ძირითადად, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

უბისასთან ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია "ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი" ახორციელებს.

Print