ახალი ამბები
ქუთაისში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
ქუთაისში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აქციით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

"ვუცხადებთ სოლიდარობას ამ უთანასწორო ბრძოლაში და აქვე მინდა ვთქვა, რომ მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას არ აძლიერებს, პირიქით - ასუსტებს. სამწუხაროა, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება ვერ ხვდება და იგივე ტემპში აგრძელებს მედიასთან ბრძოლას, როგორც აქამდე აკეთებდა", - ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

მედიის წარმომადგენლები აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და მმართველ პარტია, "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდავ ერთი თანამშრომლის ტელევიზიიდან დათხოვნა.
Print