ახალი ამბები
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
რისკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული ერთ-ერთი მუშის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
63 წლის მამაკაცი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების თქმით, პაციენტს 7 ნეკნი აქვს მოტეხილი. მომხდარს იმერეთის პროფკავშირების წარმომადგენლები ეხნაურებიან.

მათი განმარტებით,  ადგილზე სამუშაოები შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

შემთხვევა 14 თებერვალს დღისით მოხდა, ავტომაგისტრალზე ობიექტის ჩამოშლის შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა. 

პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, სამშენებლო ნორმების დარღვევით იყო აშენებული.

„ერთს შვიდი ნეკნი აქვს მოტეხილი, აქვს მალების დაზიანებაც და არის მძიმედ. ახლა იმყოფება საავადმყოფოში. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ თოვლის საფარმა დააზიანაო, რაც გამორიცხულია, ხუთსანტიმეტრიანი თოვლი როგორ დააზიანებდა შენობას? სავარაუდოდ, არ იყო სამუშაოები სწორად შესრულებული“, - ამბობს ვიტალი გიორგაძე.

მისი თქმით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, მუშები ძირითადად, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

უბისასთან ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი“ ახორციელებს.

Print