ახალი ამბები
„მიცვალებულებისთვის სანთლის ასანთები ფული არ მაქვს“ - ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ბებია (ვიდეო)
FaceBook

ბაღდათში, ხანძრის შედეგად  გარდაცვლილი ორსული ქალისა და ოთხი ბავშვის ბებია დახმარებას ითხოვს.


"ამ გაყინულ ბინაში ვცხოვრობ, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის სანთლის ასანთები ფულიც არ მაქვს", - გვიყვება ქეთევან გველესიანი.

ის იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მისი ფეხმძიმე ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი ცხოვრობდა. ბინაში მათი ნივთები ხელუხლებელია.

სათამაშოები, ლოგინი, მაგიდა და სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლები - ყველაფერი ისევ იქ აწყვია, როგორც მათმა პარტრონებმა დატოვეს.

ქეთევან გველესიანი ამბობს, რომ 33 კვ. მოცულობის ბინაში სადაც არც დენი, გაზი და წყალია გარდაცვლილების მოგონებები ტრიალებს.

60 წლის ქალს რამდენიმე დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა ორსული შვილი და შვილიშვილები წაართვა. ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე კი, უფროსი ბიჭი მიაბარა მიწას. მას შროშაში კიდევ ორი შვილი დარჩა, თუმცა ქეთევან გველესიანს მათთან ურთიერთობა არ აქვს და მათთან არ ცხოვრობს.

"აღარავინ დამრჩა სისხლი და ხორცი. ახლობელი ქალი ცხოვრობს ამ შენობაში და მასთან გადავდივარ ხანდახან", - ამბობს ქეთევან გველესიანი.

ქეთევან გველესიანს თავის შვილთან და შვილიშვილებთან ერთად სოციალური შემწეობის სახით 680 ლარი ერიცხებოდა. სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარტოხელა ქალი ამ თვეში პენსიასთან ერთად გარდაცვლილი ხუთი ოჯახის წევრების სოციალური შემწეობის თანხასაც მიიღებს.

თუმცა, თებერვლის თვის შემდეგ გაურკვეველია მიიღებს თუ არა ქეთევან გველესიანი სოციალურ დახმარებას, რადგან ის ხელახლა უნდა გადამოწმდეს.

რაც შეეხება, პენსიას ამბობს, რომ სესხი აქვს აღებული და 220 ლარიდან მხოლოდ 90 ლარი რჩება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ქეთევან გველესიანი ბაღდათში არ არის რეგისტრირებული, ამიტომ მუნიციპალური პროგრამით ვერ დაეხმარებიან.

Print