ახალი ამბები
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ლიფტი ჩაწყდა
FaceBook
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შენობაში ერთ-ერთი მცხოვრები მაღალი სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას  აპირებდა.

"გამოუძახებია მეზობელს, ქვევით მიდიდოდა და ამ დროს ჩამწყდარა. კიდევ კარგი, შიგნით შესვლა ვერ მოასწრო. საშინელი ხმაური იყო, გვეგონა რაღაც გასკდა შენობაში. გამოვედით და ეს მდგომარეობა დაგვხვდა. მეც ხშირად ვსარგებლობ ამ ლიფტით და გამიმართლა, რომ სამსახურში ვიყავი იმ დროს. სულ პრობლემა იყო, სულ ფუჭდებოდა, მერიამაც იცოდა ეს და როცა მოდიოდნენ თანამშრომლები, ლიფტით არასდროს სარგებლობდნენ. როდის მოგვაქცევენ ყურადღებას, როცა ტრაგედია მოხდება?",-ამბობს სოციალური საცხოვრისის მცხოვრები დარეჯან სანიკიძე.

კომპანიაში, რომელიც ლიფტის ექსპლოატაციას ახდენს, აცხადებენ, რომ ე.წ. კაბინა არ ჩავარდნილა, ჩამწყდარია ოთხიდან მხოლოდ ერთი გვარლი ანუ ლიფტის მზიდი. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გვარლი უკვე შეკვეთილია და პრობლემის აღმოფხვრას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.


ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისი 2017 წელს გაიხსნა. შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. კოლოსალური თანხის დახარჯვის მიუხედავად, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.
Print