ახალი ამბები
ქუთაისში ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები დადგეს
FaceBook

ქუთაისში, "ცისფერყანწელთა" დამფუძნებლების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები დადგეს.


ქანდაკებები მათივე სახელობის, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში  განთავსდება. სამუშაოები მოქანდაკემ, გიორგი კიკვაძემ 110 000 ლარად შეასრულა.

ქართველი პოეტების ქანდაკებები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გახსნილა. ძეგლები,  დროებით,  ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.



პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ განათლება ქუთაისში მიიღეს. ქუთაისშივე, თანამოაზრეებთან ერთად დაარსეს ლიტერატურული გაერთიანება "ცისფერი ყანწები" და გამოსცემდნენ ამავე სახელწოდების ჟურნალს, სადაც იბეჭდებოდა ორდენის წევრთა შემოქმედება. ახალგაზრდა პოეტები და მწერლები თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურასაც.

პროდასავლური მისწრაფებების გამო, 1930-იან წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურული ორდენი გააუქმა, მისი წევრები კი ხალხის მტრებად გამოაცხადა.

პაოლო იაშვილმა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება დააპატიმრებდა, 1937 წელს მწერალთა კავშირის სხდომაზე თავი მოიკლა. ტიციან ტაბიძე კი დახვრიტეს. მეორე ვერსიით, მას გადასახლება მიუსაჯეს და ციმბირის ტრამალზე თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

Print