ახალი ამბები
"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფეხბურთელებთან" -კრიზისის შემდეგ "ტორპედო" ახალ გუნდს ქმნის 
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც გუნდი თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა, შემადგენლობის განახლება დაიწყო.


გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიას განცხადებით, კლუბში უკვე დაბრუნდა რამდენიმე ფეხბურთელი, გუნდის შესავსებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა სპორტსმენებთანაც.

"ვარჯიში არასრული შემადგენლობით დავიწყეთ. რამდენიმე ახალწვეული უკვე შემოგვემატა, ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. სავარაუდოდ, სამ -ოთხ დღეში გუნდი თითქმის დაკომპლექტდება. ვესაუბრებით ლეგიონერებსაც, რამდენიმე უკვე დავითანხმეთ და ისინი საქართველოში მალე ჩამოვლენ", - განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.


დაფინანსების გარეშე დარჩენილი კლუბი, იტალიელმა ინვესტორთა ჯგუფმა, ფაბიო მანინოს ხელმძღვანელობით უკვე გადაიბარა. კლუბის ინვესტირების შესახებ ხელშეკრულება ქუთაისის მერიაში, 6 თებერვალს გაფორმდა. შეთანხმების დეტალებზე "ტორპედოს" ახალმა მფლობელმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფაბიო მანინო პირველ ეტაპზე ფეხბურთელებისა და კლუბის თანამშრომლების სახელფასო დავალიანებას დაფარავს და ეს იქნება მისი პირველადი ინვესტიცია კლუბში.


ქუთაისის "ტორპედო" დაფინანსების გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც მისმა ყოფილმა მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დატოვა და ქუთაისის მერიას გადააბარა.

Print
თეგები: #ტორპედო