ახალი ამბები
2018-2019 სასწავლო წელს სკოლებში პატრული 1 277-ჯერ გამოიძახეს
FaceBook
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლებში საჯარო სკოლებში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაზიანების 76 ფაქტი გამოვლინდა,
ხოლო მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წლის იანვრამდე მონაცემებით – 21 ფაქტი. რა ხარისხის დაზიანებები მიიღეს მოსწავლეებმა, ამის შესახებ სტატისტიკა უცნობია.


უწყების ცნობით, 2018 წლის ბოლოდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, მაქსიმალურად გაძლიერდა როგორც უსაფრთხოების კომპონენტი, ასევე, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი. ამ ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმით, მანდატურის სამსახური წარმოადგენს ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საუკეთესო საშუალებას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეული ფაქტის აღრიცხვას, შესწავლასა და შესაბამისი რეაგირების განხორციელებას.


2018-2019 სასწავლო წლებში მანდატურების მხრიდან დაფიქსირებულია მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2580 ფაქტი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) 1209 ფაქტი.

2018-2019 სასწავლო წელს, სამართალდამცავი ორგანოები სკოლაში მომხდარ 1 277 შემთხვევაზე იქნა ინფორმირებული, მიმდინარე სასწავლო წლის იანვრის მონაცემებით კი -309 შემთხვევაზე.

რაც შეეხება საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ, აკრძალული ნივთების მოხმარებას მანდატურის სამსახურის ინფორმაციით 2018-2019 სასწავლო წლებში მოსწავლეებისგან ამოღებული იქნა 110 აკრძალული და მაღალი რისკის შემცველი საგანი/ნივთი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) 72.


2018-2019 სასწავლო წლებში მოსწავლეებისგან ამოღებული იქნა 1 ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო 2019-2020 წლებში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველში სულ 2086 საჯარო სკოლაა და იქ 530 ათასი ბავშვი სწავლობს. 2019 წლის მდგომარეობით მანდატურის თანამშრომლები 588 საჯარო სკოლაში მუშაობენ და სტატისტიკური მონაცემებიც დაახლოებით ამ ოდენობის საჯარო სკოლებიდანაა აღებული.

წყარო: edu.aris.ge
Print