ახალი ამბები
"ტორპედოს" ახალი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია იქნება
FaceBook
ქუთაისის  საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ამიერიდან მიხეილ აშვეთია გაწვრთნის.
აშვეთია მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კლუბის ახალმა ინვესტორმა, ფაბიო მანინომ დღეს წარადგინა. მიხეილ აშვეთია მანამდე "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. გუნდიდან კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ კი მის მოვალეობას ასრულებდა.

იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინომ "ტორპედოს" შეძენაზე ოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადა. ამ ეტაპზე კლუბის გადაბარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების მოგვარება მიმდინარეობს. კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მანინომ შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, დაადასტურა, რომ იგი ფეხბურთელების და კლუბის თანამშრომლების სახელფასო დავალიანებას დაფარავს, რაც 1 700 000 ლარია, ქუთაისის მერია კი "ტორპედოს"საბანკო ვალდებულებებს გაისტუმრებს.

იტალიელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკებებს ქუთაისის მერია ორი თვის განმავლობაში აწარმოებდა. ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება კლუბის ახალ ინვესტორს ეძებდა, გუნდს ყოველდღიურად ტოვებდნენ ფეხბურთელები. ბოლოს გუნდში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩა, კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმაც.პროცესის გაჭიანურების გამო საპროტესტო აქციებს მართავდნენ "ტორპედოს"  გულშემატკივრები და ქალაქის მერს კლუბის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.

რამდენიმე დღის წინ  "ტორპედო" მეოთხე ლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. გუნდის გარეშე დარჩენილ კლუბს პირველ მარტს  ოფიციალური თამაში აქვს დაგეგმილი.

ქუთაისის მერიამ  იტალიელ ინვესტორთან შეთანხმების გაფორმება მხოლოდ ახლა, მას შემდეგ მოახერხა, რაც კლუბში უმძიმესი ვითარება შეიქმნა.

Print