ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კოპიტნარის რკინიგზის სადგურს დაუკავშირდება
FaceBook

მთავრობის დაპირებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის მოწყობა ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა.

ნათია თურნავას თქმით, პროექტი, რომლითაც  აეროპორტი საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდება,  უკვე დამტკიცებულია.

„მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში. დღევანელი პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება ჩვენი რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს",-განაცხადა მინისტრმა.


მისი თქმით,  სადგურის რეაბილიტაციას „საქართველოს რკინიგზა“ მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოაწყობს.

"იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური მიმოსვლა, სულ 1,5 კმ მონაკვეთია. ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე”, - განაცხადა თურნავამ.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის მოწყობა 2017 წლის 3 აპრილს დააანონსა.

"მინდა ჩავრთო ღილაკი, რომლითაც ჩაირთვება მრიცხველი და მაქსიმუმ ერთ წელიწადში ეს სარკინიგზო ბაქანი ამოქმედდება", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამი წლის წინ პროექტის პრეზენტაციაზე.

Print