ახალი ამბები
"ტორპედოს" გასხვისებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" იტალიელი ინვესტორი, ფაბიო მანინი შეიძენს.


ინვესტორსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს  შორის საბოლოო შეთანხმება 5 თებერვალს  შედგა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორები  შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ. ახლა მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება.

"შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და "კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში" ღირსეული გამოსვლა იქნება",-აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.


იტალიელი ფაბიო მანინი რამდენიმე თვეა "ტორპედოს" პოტენციურ ინვესტორად განიხილებოდა. ამ ხნის განმავლობაში ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.  ინვესტორის გარეშე დარჩენილ კლუბს  კი ყოველდღიურად ტოვებდნენ ფეხბურთელები. ბოლოს გუნდში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩა, კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმაც.

პროცესის გაჭიანურების გამო საპროტესტო აქციებს მართავდნენ "ტორპედოს"  გულშემატკივრები და ქალაქის მერს კლუბის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.

რამდენიმე დღის წინ  "ტორპედო" მეოთხე ლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. გუნდის გარეშე დარჩენილ კლუბს პირველ მარტს  ოფიციალური თამაში აქვს დაგეგმილი.

ქუთაისის მერიამ  იტალიელ ინვესტორთან შეთანხმების გაფორმება მხოლოდ ახლა, მას შემდეგ მოახერხა, რაც კლუბში უმძიმესი ვითარება შეიქმნა.

Print