რჩევები
როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან - სპეციალისტის რჩევა
FaceBook
ეპიდემიოლოგი ვირუსებისგან (მათ შორის კორონა ვირუსისგან) თავის დასაცავად მოსახლეობას ოთხი ძირითადი წესის დაცვას ურჩევს. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ირაკლი ქარსელაძე ,,ქუთაისიპოსთან" საუბარში ამბობს, რომ სეზონური ვირუსების არიდების პირველი და საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

მისი თქმით, აცრის გაკეთების პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია. თუმცა იმის გამო, რომ ვირუსების სეზონი გაზაფხულამდე გრძელდება, ვაქცინაცია ნებისმიერ დროს შეიძლება. ვაქცინაცია განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვინც იმყოფება გრიპის გართულების მაღალი რისკის ქვეშ: 65 წელზე ზევით ასაკის მქონე ადამიანები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ბავშვები. 

სეზონური ვირუსისებისგან თავის დაცვის მეორე საშუალება ხელების ხშირი და რაც მთავარია სწორად დაბანაა.

,,ხელები აუცილებლად უნდა დავიბანოთ საპნით, რამდენიმეჯერ და გამდინარე წყლით. ასევე სასურველია ხელების დამუშავება სპირტიანი სპეციალური გელით," -   ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგი ირაკლი ქარსელაძე.

მესამე წესი ვირუსით დაავადებულ  პაციენტთან ერთი მეტრის რადიუსში კონტაქტი, ნიღბის ტარება და ვირუსის მატარებლი პირის  ოთახის სველი წესით დალაგებაა. 

"ასეთ დროს ავადმყოფი არ უნდა წავიდეს სამსახურში, სკოლაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რადგან შესაძლოა მასაც გაურთულდეს მდგომარეობა და სხვა ადამიანსაც გადასდოს ვირუსი," -  ამბობს ქარსელაძე. 

ამავდროულად, გრიპით დაავადებულმა უნდა იცოდეს, რომ დაცემინების დროს უნდა აიფაროს მკლავი, ან ცხვირსახოცი. ხანგრძლივად იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები. 

ეპიდემიოლოგის რჩევით მეოთხე წესი სახლის, ოფისების, საკლასო ოთახების ხშირი განიავება და ასევე სველი წესით დალაგებაა. 

ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ სეზონური ვირუსები შემდეგი სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ: უეცარი მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ხველა. ჩამოთვლილი ჩვენებების დროს პაციენტმა აუცილებელია მიმართოს ექიმს. 




Print