ახალი ამბები
საგაზაფხულო სესია ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმრით გაიხსნა
FaceBook
პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.
პლენარულ სხდომის სახელმწიფო ჰიმნით გახსნის შემდეგ, დეპუტატებმა ბაღდათში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

"მინდა, პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეეწირა. ეს უდავოდ ერთ-ერთი უმძიმესი მომენტია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები. როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დღეს პოლიტიკური განცხადებები რელევანტური არ იქნებოდა.

"მართლაც ტრაგიკული შემთხვევა იყო. მითუმეტეს, მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე. ძალიან სამწუხარო ამბავია. უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური, მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ უმრავლესობა დღეს უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

interpressnews.ge
Print