ახალი ამბები
სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
FaceBook
საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო.

საქართველოს განათლების სამინისტრო ცნობით, ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე  www.directors.mes.gov.ge  2020 წლის 3 თებერვალიდან 17 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს. 

,,სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან, ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა," - აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

უწყების ცნობითვე, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

,,სერტიფიცირების შედეგად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა იგეგმება. დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურსანტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა. ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება: ტესტირების ჩატარების განრიგი; ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ - დავალებათა ტიპები და რაოდენობა; მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა,'' - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე.

ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.


Print